ირაკლი ქარსელაძე უეფა-ს დელეგაციას შეხვდა
ირაკლი ქარსელაძე უეფა-ს დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA-ს) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი განიხილეს.

ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

უეფა-ს სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: უეფა-ს საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ, უეფა-ს ტურნირებისა და ღონისძიებების დაგეგმვის დანაყოფის უფროსი პიტერ ნორდენსტრომი, U21 პროექტის ხელმძღვანელი ბეტინა გრესელი და სპეციალური კონსულტანტი ლუი სილვა.

უეფა-ს წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობისა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს.

აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში.

უეფა-ს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სამუშაოების პროგრესს და ყველა მიმდინარე სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, U21-ის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.

საქართველოში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონებზე, დავით პეტრიაშვილისა და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთსა და წყალტუბოში. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.