ირაკლი ქარსელაძე - თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად ანახევრებს გადაადგილების დროს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად ანახევრებს გადაადგილების დროს

დღეს კახეთში გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც რეგიონის მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემკახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის პირველი, ყველაზე გამომწვევი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.

„ძველი გზა ბევრი პარამეტრით ვერ პასუხობდა მოძრაობის ამჟამინდელ ინტენსივობას და მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო. ახალი მაგისტრალური გზა, სამჯერ, ანუ 185%-ით გაზრდილი გამტარობით, უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ პერსპექტიულად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების მომსახურებას.თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად, სულ მცირე, ანახევრებს გადაადგილების დროს და ახალი მონაკვეთის გავლას სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი, ოთხზოლიანი გზის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შესყიდვები იმდაგვარად დაიგეგმა, რომ ქართულ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. 35 კმ-იანი მაგისტრალის სამიდან ერთი მონაკვეთი სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.

თავის გამოსვლაში ქარსელაძემ ისაუბრა კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 6 00 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, ხოლო 2012 წლის შემდეგ 1 600 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.

„სულ რაღაც სამი თვის წინ კახეთში გავხსენით ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა. კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვის, სამუშაოები მაღალი ტემპით გრძელდება. ჩვენი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა ბაკურციხემდე. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომლის დასრულების შემდეგ კახეთის საგზაო მიმართულების 52 კმ-იან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მაგისტრალური გზით იმოძრავებს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად დასრულებულია გომბორის 33 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. მისივე თქმით, გრძელდება თუშეთამდე მისასვლელ გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ინტენსიური სამუშაოები, რომელიც თუშეთის გზის 65 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთიდან 52 კმ-ზე მიმდინარეობს. 2024 წელს მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.

კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.