ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ჩართულია ყველა რესურსი, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც ამ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანია
ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ჩართულია ყველა რესურსი, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც ამ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანია

სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა გაყვანილი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონიდან ავტომანქანების გამოყვანა მოხერხდა.

მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკის დახმარებით გუშინ და დღეს, ჯამში, 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს.

ქარსელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე.

„ყველა სამუშაო მიმდინარეობს, რათა ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც ამ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანია. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ ძალისხმევაზე, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უშუალოდ მაშველებმა, ჯარისკაცებმა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებმა გასწიეს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.