ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე ორ კილომეტრს აღემატება
ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე ორ კილომეტრს აღემატება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში ორ კილომეტრზე მეტია გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოების წარმართვას.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია და დაახლოებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული.

„გუშინდელი დღე კარგად გამოვიყენეთ და ორ მონაკვეთზე შემოვლითი გზა მოეწყო, რამაც შემდეგ მონაკვეთებზე გადასვლის საშუალება მოგვცა. შემოვლითი გზების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები, ხიდებთან მისასვლელების და ვაკისების მოწყობა, რათა 127-ე კილომეტრზე მოძრაობა განვლადი გახდეს, საბედნიეროდ, დღეს ამინდიც ხელს გვიწყობს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ჯერ შეუძლებელია, რიცხვებზე საუბარი, თუმცა ზარალის ოდენობა დიდი იქნება.

„შტაბმა გუშინვე დასახა გეგმები ყველა მიმართულებით, ეს არის მოსახლეობის ევაკუაცია, სურსათით თუ წამლებით მომარაგება. მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივი თვითმმართველობა, გუშინ შვიდი რეისი გააკეთეს ვერტმფრენებმა და დღესაც დეტალურად დავათვალიერეთ ყველა ადგილი, სადაც ჯერ ფიზიკურად მისვლას ვერ ვახერხებთ. ამ მხრივ,  შტაბი გამართულად მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრიორიტეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის  კონკრეტული გეგმა გაიწერება.