ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება
ყველა სამუშაო მიმართულია იმისკენ, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება.
„გუშინ მოხდა როგორც ღამის, ასევე დღევანდელი დღის დაგეგმვა, მივდივართ გეგმის შესაბამისად. წუხელ მოხდა ხიდის აწყობა, რომლის მონტაჟიც დღეს მოხდება. მანამდე, დილიდან მოხდა საჯარისო ნაწილების, მაშველების გადაყვანა რეალურად უკვე ფრონტის მეორე მხარეს, რომელიც სწორედ უკვე სტიქიის არეალშია. მობილიზაცია არის სრულად და დაწყებულია საძიებო და სხვა სამუშაოები. მაშველები, ჯარისკაცები და ტექნიკა, ამ თანმიმდევრობით, იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალური პროგრესის განხორციელება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ხიდი აწყობილია და დღევანდელი ამოცანა გვაქვს, რომ მონტაჟი განხორციელდეს და დავდოთ ეს ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად უკვე დაეხმარება საგზაო კომუნიკაციის განხორციელებას. ხდება დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაც, რომელიც ასევე დაეხმარება მაშველებს და საჯარისო ფორმირებებს, კიდევ უფრო მეტი მობილურობა შეიძინონ. პარალელურად, ახალი დროებითი გზა, რომელიც გავჭერით, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს, აქაც ასევე გრძელდება სამუშაოები. რეალურად, გვაქვს ორი ფრონტი, რომელსაც დაემატება მესამე ფრონტი უკვე არსებული გზის მიმართულებით, ასევე გაწმენდითი სამუშაოები.
ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის ეს გეგმა უკვე დასრულებული სახით იყოს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.