ირაკლი ქარსელაძე - უსაფუძვლოა საუბარი, თითქოს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა ვინმეს მოსყიდვაა
აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი, რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ პროგრამით იმის მასშტაბურობას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოჰყვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საუბარს, რომ ეს პროგრამა ვინმეს მოსყიდვაა, საფუძველი ნამდვილად არ აქვს. პირიქით – ეს არის ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს. 63 მუნიციპალიტეტის სია განკარგულებას ერთვის, თბილისისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, ყველა მუნიციპალიტეტს ეხება“, – განაცხადა ქარსელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.