ირაკლი ქარსელაძე - სამინისტრო აქტიურად აგრძელებს დეცენტრალიზაციის ხუთწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს დეცენტრალიზაციის 5-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
მისი თქმით, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: „ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებული შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტებში გადასაცემი წილის გაზრდას; 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცათ 2500-ზე მეტი ერთეული ქონება; შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროფესიული განვითარების კონცეფცია და განახლდა პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზისა და პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის მეთოდოლოგია; სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის 5700-ზე მეტი საჯარო მოხელე“.
პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებისას ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე დღგ-ის განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად, რეფორმის პირველივე წელს (2019 წელი) მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია, 2023 წელს მუნციპალიტეტებმა მიიღეს, დაახლოებით, 1.6 მილიარდი ლარი, რაც, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 781 მილიონი ლარით, ანუ 96%-ით მეტია.
აღინიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. ირაკლი ქარსელაძის თქმით, დღეისათვის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 260 ათასზე მეტი ადამიანი და მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით სარგებლობს 535 საწარმო. ქარსელაძის განმარტებით, კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე 2023 წელს მიიმართა, დაახლოებით, 119.9 მილიონი ლარი.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2023 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოყოფილი იქნა 19.5 მილიონ ლარი, რომლის ფარგლებშიც 30 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 47 პროექტი, მათ შორის: საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტები, კეთილმოწყობის და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები.
როგორც ქარსელაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რეგიონული პოლიტიკის დაგეგმა-განხორციელების ფარგლებში გრძელდება ევროკავშირის კარგი პრაქტიკის განვითარება, რისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთი პლატფორმის, „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ ეტაპობრივი დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელებისთვის იმერეთში, როგორც საპილოტე რეგიონში.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს 2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის (PIRDP) განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ოთხ საპილოტე რეგიონში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულების, 160 მილიონი ლარის ღირებულების 147 ინფრასტრუქტურული პროექტი. საპილოტე რეგიონებში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისთვის სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ, ჯამში, 38,5 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსება გასცა მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე. პროგრამის ფარგლებში გაიცა დაფინანსება 424 ბენეფიციარზე. აღნიშნული პროგრამების გაღრმავებისა და გაფართოებისათვის მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.