ირაკლი ქარსელაძე - საძიებო სამუშაოებში რვა პრიორიტეტულ მდებარეობაზე 86 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, მეხუთე დღეა, აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში რვა პრიორიტეტულ მდებარეობაზე. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებული გვაქვს დამატებითი რესურსი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა რაჭაში განვითარებული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
როგორც მან აღნიშნა, მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.
მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც გუშინვე იქნა მიღწეული. ქარსელაძის განცხადებით, ტექნიკა ამ მდებარეობაზე გადაყვანილია და სამუშაოები გუშინვე დაიწყო.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ძალიან რთული სამუშაო პირობები, რომელიც თვითონ მასის შემადგენლობიდან გამომდინარეობს. მიწა დამუშავებას ძალიან რთულად ექვემდებარება. გამომდინარე დიდი არეალისგან, ადგილი პრიორიტეტებად არის დაყოფილი, მაგალითად, ზედა ხიდის აღდგენა უკიდურესად კრიტიკული იყო, რადგან ამის შემდეგ ეპიცენტრში ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი გახდებოდა. ეს ამოცანა შესრულდა და ამის პარალელურად მოხდა დროებითი გზის მოწყობა. გარდა ამისა, ამოცანად იყო დასახული ალტერნატიული გზის გაჭრა, რითიც შესაძლებელი იქნებოდა სტიქიის ზონის პერიმეტრზე, ქვედა მხრიდან მიახლოება, რაც ასევე შესრულდა ე.წ. მჟავე წყლების მიმართულებით. განხორციელდა შესაბამისი გზის მიყვანა, მდინარის ფონზე გადასვლა.
მძიმე ტექნიკა მუშაობს როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტის გაგანიერებისა და გაწმენდის მიზნით. სტიქიის პირველ დღეებში ჩვენი მთავარი ამოცანა რაც შეიძლება მეტი მისასვლელის მოწყობა იყო, რათა ე.წ. კოტეჯების მიმართულება გაგვესუფთავებინა.
მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად, სტიქიის პირველივე დღეს დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზაცია. გარდა ამისა, ამჟამად რვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც როგორც სტიქიის ზონას, ისე მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
სამუშაოები გრძელდება და დამატებითი, გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი. ეს არის ძალიან მოკლედ, რა არის ძირითადი ამოცანები, როგორ მიმდინარეობს მათი განხორციელება და დანარჩენს ყველა ვხედავდით, რამდენად ტრაგიკულ, მძიმე და ძალიან რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.