ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, რაც ვნახეთ, ამას ჰქვია „მოდელირებული ქრონიკა“
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, რაც ვნახეთ, ამას ჰქვია „მოდელირებული ქრონიკა“

რიკოთთან უღელტეხილთან დაკავშირებით მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ვნახეთ, ამას ჰქვია „მოდელირებული ქრონიკა“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ქარსელაძის თქმით, რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებები კეთდებოდა.

„აბსოლუტურად მიუღებელი და ვიტყოდი, არასერიოზული იყო მთელი ის გამოსვლები, რაც ვნახეთ – გადაბრალება, თითქოს თემების გადაფარვა ხდება, მათ შორის, რიკოთის საკითხით, თურმე „ბიბისი“ ფარავს რიკოთის თემას. რიკოთთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ვიხილეთ ამ ტყუილზე დაყრდნობით უკვე მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც უსაფრთხო არ არის, რაღაც ვერ ხერხდება, გალანძღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამინისტრო, ვინმე თუ კავშირში იყო ამასთან, ყველა გალანძღეს. ასე არ შეიძლება. ამას რომ აკეთებ და პირდაპირ ეთერში იმასაც აცხადებ, ახლა დამირეკეს, გზა დაკეტეს, რადგან მეწყერი ჩამოწვა და ეს არის კატასტროფა, ამ დროს კი არაფერი ხდება, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია მოდელირებული რეალობა, „მოდელირებული ქრონიკა“, ამას ვერ გასცდა ეს ხალხი. საზოგადოება უნდა დააშინონ, რომ აღარ შეიძლება იქ გადაადგილება. რაც მოხდა 30-ში, 11-ში, ესეც კი არ ასახეს სწორად, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეში რამდენჯერმე ავრცელებდა ინფორმაციას, რა და როგორ კეთდება, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ეს არ აინტერესებდათ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად, არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები.

„ბუნებრივია, დაიგეგმა შესაბამისი დამატებითი საჭირო ღონისძიებები კვლევების ჩათვლით, რათა გაგვეგო, რასთან გვქონდა საქმე. 29 მარტს მნიშვნელოვნად დამძიმდა აღნიშნული ვითარება, რადგან პოტენციურმა მეწყერმა დაიწყო იმგვარად მოძრაობა, რომ ნაპრალები გაიზარდა. შესაბამისად, სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ, მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული გზა დაკეტილიყო და წინსწრებად მოხდა მოძრაობის დაკეტვა. შედეგად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით გადაერთო. ეს გადაწყვეტილება 29 მარტს, 23:45 საათზე იყო მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, გზის დაკეტვის გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული და ცხადყოფდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ვითარების პროფესიულად მართვას.

ამასთან, ქარსელაძემ განაცხადა, რომ, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გზის დაკეტვიდან მეორე დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

„სასწრაფო წესით გაგრძელდა კვლევების წარმოება, შედგა შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც პირველად გეოლოგიურ ინფორმაციებს საჭიროებდა. არსებული გზიდან 200 მეტრში განვითარებული ნაპრალებია, რომელიც შეიძლებოდა მეწყრულ პროცესებში გადასულიყო, ამას არაფერი კავშირი აქვს ახალ მშენებლობასთან. 7-ში საღამოს პირველადი გეოლოგიები მივიღეთ და წინასწარი მონაცემები შევიყვანეთ სისტემაში, რომლითაც უკვე გამოვიანგარიშეთ რისკფაქტორი, რომელიც მეწყერის გააქტიურებას უკავშირდებოდა. დასაშვებად იქნა მიჩნეული, რომ, შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესებით, 8-ში 07:00 საათიდან მოძრაობა გაიხსნა მსუბუქი ავტომობილებისათვის და უკვე 21:00 საათიდან – სატვირთო ავტომობილებისთვის. ვიდრე ეს შეფასება გვექნებოდა, 31-ში, დღის მეორე ნახევარში უკვე სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ, აქაც სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული. ეს იყო რევერსულად, ინტერვალებით. სპეცრეჟიმი გულისხმობდა, რომ საფრთხის მომეტების პირობებში, ჩვენი რეაგირება ყოფილიყო დროული, რათა რამე შემთხვევას ადგილი არ ჰქონოდა. ამ მოცემულობაში არავითარი რისკი და საფრთხე არ არსებობდა.

მეწყრის ჩამოშლა არ მომხდარა, მეწყრის განვითარების მომეტებული საფრთხე იყო, რის გამოც წინმსწრებად იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. პირველი შეფასებები ისიც კი იყო, თურმე 9 აპრილის აქციის გამო გაგვიკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, არ დადასტურდა. ეს ისეთივე უსაფუძვლო, აბსურდული ტყუილი იყო, როგორიც ბევრი სხვა ბრალდება, რომელიც მერე ვიხილეთ“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე განმარტა, რა პროცესები განვითარდა რიკოთის 147-ე კილომეტრზეც.

„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა მოძრაობის ჩაკეტვის გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის. რეალურად, ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი, რათა მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით ორი დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს. შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა. ასევე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე.

რა თქმა უნდა, მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური შეფასება. ახლა მე რაც მოგიყევით იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც იყო, ამას შეიძლება ეწოდოს კოლაფსი? ეკონომიკური კოლაფსი? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხმა, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს, მათი რეალური მნიშვნელობა არ იცის, ან გამძაფრებული აქვს რაღაც გრძნობა, რომელიც ისევ და ისევ ტყუილებს ეფუძნება. ეს არის მოვლენები, რომლებიც შესაბამისი მთიანი რელიეფის პირობებში ყოველთვის არის შესაძლებელი. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია, როგორ მართავ ამ რისკებს. ამ ორი მაგალითის საფუძველზე, რეალურად, ეს ყველაფერი წარიმართა ისე, რომ უსაფრთხოება იყო დაცული და შესაძლო რისკები ასევე იყო დაზღვეული. ასე არის ყოველ სხვა შემთხვევაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.