ირაკლი ქარსელაძე – უწყვეტ რეჟიმში იწმინდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკის ერთეულები და ადამიანური რესურსი

16:01, 26.02.2025

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მისივე თქმით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკის ერთეულები და ადამიანური რესურსი.

„უწყვეტ რეჟიმში იწმინდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზები, რის შედეგადაც არ არის დაკავშირებადობის პრობლემა, თუმცა არის კონკრეტული მდებარეობები, სადაც კლიმატური პირობებისა და უხვი თოვლის გამო ჯერ კიდევ არის გამოწვევები“.

როგორც მინისტრმა გურიაში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ინტენსიურად თოვს იმერეთშიც, სადაც ასევე მობილიზებულია როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა და უწყვეტად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„თოვის დაწყებიდან ყველაფერი იყო მობილიზებული, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, მთავარი საკომუნიკაციო არტერიები ყოფილიყო შესაბამის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში იყო გამოწვევები, ვინაიდან გადაუღებლად თოვდა და სწორედ ამ მობილიზაციამ, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურმა ჩართულობამ უზრუნველყო დღევანდელი მდგომარეობა. მასშტაბიდან გამომდინარე, ეს არ არის მოკლევადიანი და რამდენიმე საათის ამოცანა. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება, რათა ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს არსებობს, შესაბამისად გადაიჭრას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი