ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არცერთი არ არის საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არცერთი არ იმყოფება საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი.
„შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა.
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არცერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არცერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამდასტურებელი ფაქტის გარეშე რომ ადანაშაულებენ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში, არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“, – განაცხადა ქარსელაძემ.