ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტი თავისი მნიშვნელობითა და სირთულით უპრეცედენტოა, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი
რიკოთის პროექტს, როგორც თავისი მნიშვნელობით, ასევე საინჟინრო სირთულით, მათ შორის, რელიეფისა და გეოლოგიის გათვალისწინებით, არ აქვს ანალოგი ქართულ რეალობაში და არის უპრეცედენტო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ასეთი მსხვილი, რთული საინჟინრო პროექტის განხორციელება კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის მონაკვეთზე შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. გვირაბების ჯამური სიგრძე 33.6 კმ-ია, ხიდებისა კი – 21 კმ-ზე მეტი. მათ შორის, დღეს საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი, 1800-მეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე, სწორედ რიკოთზეა აშენებული საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1362 მეტრია. გარდა ამისა, რიკოთზე იქნება 1640 მეტრის სიგრძის გვირაბებიც. რიკოთის პროექტი დაყოფილია ოთხ (ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი-არგვეთა) საგზაო მონაკვეთად. სირთულის თვალსაზრისით, თითოეულ მონაკვეთს თავისი სპეციფიკა გააჩნია.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს მოძრაობის პარალელურად, ორი დღის წინ გაიხსნა რიკოთის ორი მონაკვეთი, ოთხზოლიანი 27 კმ-იანი ახალი გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნამდე, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. ახალი მაგისტრალური გზის 27-კმ-იანი მონაკვეთით რვა კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ამ მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლა, 45 წუთის ნაცვლად, 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დანარჩენ მონაკვეთებზეც.
რიკოთის პროექტის სრულად დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული.