ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთზე მეწყერი არ გააქტიურებულა, აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, ჩატარდა ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო, ეს ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან
რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს რიკოთის გზა არის უსაფრთხო.
„რიკოთთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გავმართე, რათა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად დასაბუთებული, არგუმენტირებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვინაიდან ზოგიერთმა ოპონენტმა მაინც ვერ გაიგო რამდენიმე საკითხი ან გაიგო, მაგრამ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ, მოსახლეობა რომ მშვიდად იყოს, მინდა, კიდევ ერთხელ რამდენიმე ძირითად საკითხთან მიმართებით განმარტება გავაკეთო.
ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა. აღნიშნული ვითარების შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც მომეტებული საფრთხე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა, რათა გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რითიც აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო იქნებოდა. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული პოტენციური რისკიც კი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. ჩატარდა შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო. რიკოთის მონაკვეთი უსაფრთხოა ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ოპონენტებმაც კარგად იციან, რომ რიკოთი არის უსაფრთხო.
„დავინახეთ, რომ ეპონენტებმაც გაიზიარეს საკმაოდ ბევრი არგუმენტი, რომელიც რიკოთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი, თუმცა მაინც არის გარკვეული მცდელობა, მანიპულაციებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოთქმებით გააგრძელონ კამპანია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო. ეს არ არის ზეპირი მსჯელობა ან ერთი კონკრეტული ადამიანის, თუნდაც მინისტრის მსჯელობა, არამედ დიდი გუნდის ძალისხმევაა. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანიც აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობს და გარწმუნებთ, ნამდვილად უსაფრთხოა. მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული საზედამხედველო კომპანია და ყველა ჯგუფი, ექსპერტი. ხარვეზების გამოვლენისას ადეკვატური და დროული რეაგირება ხდება, რომლის ფაქტები პარასკევსაც წარმოვადგინე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.