ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და კითხვებს უპასუხა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებებს და აღნიშნა, რომ რიკოთის 52-კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

მინისტრის თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა მოსამზადებელი საპროექტო სამუშაოები და პროექტის განხორციელებაში, საპროექტო სამუშაოების ეტაპიდანვე, ჩართული იყვნენ პარტნიორები – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების, პოლიტიკისა და წესების დაცვით ჩატარდა პროექტის მნიშვნელოვანი წინა მოსამზადებელი კვლევები, პროექტირება, სამშენებლო ტენდერები და შემდგომ უკვე მათი ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რიკოთის მაგისტრალის პროექტირების შესასრულებლად კომპანიები გამოვლინდა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების დაცვით. შერჩევის ეტაპში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა და ცნობილმა კომპანიებმა და, შედეგად, ოთხივე მონაკვეთის პროექტირება განახორციელეს ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა. პროექტირებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართული კომპანიები.

„რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო, ჯამში, 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 – ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა. გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა, მათ შორის, ფრანგებმა, იტალიელებმა, ავსტრალიელებმა, ავსტრიელებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ ძალიან გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი.

„რიკოთის გზის პროექტირებისას ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები. როგორც ყველა მასშტაბურ პროექტს, რიკოთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას წინ უძღოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ჩატარდა ხუთი ალტერნატიული ვარიანტის მრავალფუნქციური შედარება: ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ხარჯთსარგებლობის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. თითოეულ კრიტერიუმს, თითოეულ ალტერნატივას ენიჭებოდა  შესაბამისი ქულა და დაჯამების შედეგად გამოვლინდა საუკეთესო ალტერნატივა, როგორც საუკეთესო მიმართულება. ამ კვლევების ჩატარების გარეშე არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებდა არც პროექტირების და არც სამშენებლო სამუშაოებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპზე, 52-კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აეროფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა. მისივე თქმით, პროექტირებისას შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.