ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გზის მშენებლობის ვადები საერთაშორისო ხელშეკრულების ვადებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გზის მშენებლობის ვადები საერთაშორისო ხელშეკრულების ვადებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით, რომ 2018 წელს დასახელებული პროექტის დასრულების თარიღი – 2020 წელი – იყო ოპტიმისტური და გადაჭარბებული, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რიკოთის გზის ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთების პროექტირება 2017 წელს დაიწყო, ხოლო სამუშაოები – რამდენიმე წელიწადში, რადგან პროექტების მომზადებისთვის საფინანსო ინსტიტუტების წესებით საზედამხედველო და სამშენებლო კომპანიების შერჩევას და სხვა აუცილებელი პროცესისა და პროცედურის გავლას დრო სჭირდებოდა. ამასთან, უშუალოდ მშენებლობის დასრულებისთვის თავიდანვე გათვალისწინებული იყო 36 თვე.

„სამუშაოები კიდევ უფრო მოგვიანებით დაიწყო, გამომდინარე იმ გამომწვევებიდან, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ საკითხებს, მათ შორის, განსახლებასთან და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან. საერთაშორისო პროექტებში გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა გაფორმებული ხელშეკრულება არის FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ვალდებულებები, უფლებები და ვადები. ვადების შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს დავების მექანიზმს, სადაც მხარეებს შეუძლიათ, წარადგინონ პრეტენზიები. საერთაშორისო დავების საბჭო განხილვის შედეგად გადაწყვეტს, ობიექტურია თუ არა ეს პრეტენზია. დღეის მდგომარეობით, მიმდინარე ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს აღნიშნული დავების საბჭოს გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომლის შესრულება სავალდებულოა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

FIDIC-ს ხელშეკრულება საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობაა, რომელიც 1913 წელს ჟენევაში დაფუძნებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის მიერ არის შედგენილი და იგი წარმოადგენს პროექტის განხორციელების მთელი პროცესის განუყოფელ ნაწილს. სწორედ ამ ხელშეკრულებით რეგულირდება ყველა შემდგომი ურთიერთობა კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის.

მინისტრმა განმარტა, რომ, სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არსებობს შესაბამისი საერთაშორისო დავების საბჭოს მექანიზმი. მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის ვადებს არეგულირებს ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულებების შესრულების ყველა ხელშემწყობ ან ხელშემშლელ ფაქტორს და ჩამოყალიბებაც ასე ხდება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად აწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორია პროექტის განვითარება, რა გამოწვევებია და როგორ ხდება ამ გამოწვევების გადალახვა.