ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება
ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით, გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა უპრეცედენტო, არამედ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო მასშტაბითაც, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს ხუთი საათის ნაცვლად უკვე ოთხ საათშია შესაძლებელი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას რვა საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება და საგზაო ქსელის ასეთი განვითარების პირობებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ე.წ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.
„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი, ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის ოთხ მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს,სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.
„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან, 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე, უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.