ირაკლი ქარსელაძე - ქვეყანას უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა
ირაკლი ქარსელაძე - ქვეყანას უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა

ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტის, უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა. მათგან სამი – თბილისსა და ქუთაისში – არის ოფიციალური მატჩებისთვის. აშენდა შვიდი ტექნიკური კომპლექსიც, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფა-ს სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

„მნიშვნელოვანი სამუშაოა გაწეული მესხის სახელობის სტადიონზე. ეს, რეალურად, იყო კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც მთელ რიგ ასპექტებში მშენებლობას უტოლდება. ფაქტობრივად, თავიდან მოეწყო ყველა საინჟინრო სისტემა – გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით. სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართულ ადამიანებს შექმნილი ექნებათ იდეალური პირობა მუშაობისთვის. სამუშაოების 95% შესრულებულია, დარჩენილია წვრილმანი, მოსაპირკეთებელი და ტესტირების სამუშაოები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული ინფრასტრუქტურა დახვდება არა მხოლოდ უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, არამედ შემდგომში სტადიონები უმასპინძლებს ნებისმიერი დონის როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის ტურნირს,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო ექვსი სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა – Labosport-მა და SIS Pitche-მა შეასრულეს.