ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის პროექტით უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი კავშირი სტეფანწმინდასთან
2021 წლის მაისში დავიწყეთ ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, ცხრაკილომეტრიანი, 15 მეტრის დიამეტრის უწყვეტი გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. TBM, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, TBM-ის დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, 3.1 კმ-ზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც ოთხი გვირაბისა და ოთხი ხიდისგან შედგება, მათ შორისაა უნიკალური თაღოვანი ხიდიც.
მინისტრის თქმით, პროექტის განვითარებისთვის 2022 წლის პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება.
„რაც შეეხება პროექტის შინაარსს, ეს არის კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და ელემენტარულ, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ ათ სოფელს უკავშირდება. სწორედ ეს პროექტი მოაგვარებს ამ და კიდევ მრავალ სხვა გამოწვევას“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია გუდაურამდე მისასვლელი ხუთკილომეტრიანი ახალი, საგზაო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი გზის მშენებლობაც, რომელიც ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს გუდაურს, ისევე როგორც მისასვლელი გზის მიმდებარე სოფლებში ახალი საკურორტო დასახლებების შექმნას შეუწყობს ხელს.
მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა ინფრასტრუქტურული, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მცირე პროექტებიც, რითაც უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი კავშირი სტეფანწმინდასთან და შეუფერხებელი სატრანზიტო მოძრაობა.