ირაკლი ქარსელაძე - მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ დავუკავშირდეთ პირებს, ვისთანაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას და განხორციელდეს მათი ევაკუაცია
ირაკლი ქარსელაძე - მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ დავუკავშირდეთ პირებს, ვისთანაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას და განხორციელდეს მათი ევაკუაცია

მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ დავუკავშირდეთ იმ პირებს, ვისთანაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას და განხორციელდეს მათი ევაკუაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი სტიქია განვითარდა.

„რეალურად, მდინარის სტიქიურმა დაგუბებამ გამოიწვია მეწყრული პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა. 400 მაშველი არის ჩართული სამაშველო ოპერაციაში. ორი ვერტმფრენი იყო ჩართული დღეს. ხვალ ემატება კიდევ ვერტმფრენები. მონაცემები ყოველწუთიერად ახლდება, ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მიმდინარეობს კიდევ ერთხელ დაზუსტება და, რა თქმა უნდა, რეაგირება. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 70 ადამიანი გამოყვანილი იქნა დღეს. ასევე 152 ადამიანია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ადგილას სტიქიის არეალში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილები არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. მომზადებულია ვერტმფრენები, რათა ხვალ, ამინდის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა, უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ, მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში როგორც მხარდასაჭერად უკვე უსაფრთხო ადგილას გამოყვანილი ადამიანებისა, ასევე, ბუნებრივია, იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, სამაშველო სამძებრო-სამუშაოების შედეგად, სამწუხაროდ, ორი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მინისტრის განცხადებით, ხვალ არის დაგეგმილი მათი გადმოსვენება, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება.

„წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამინისტრო, სამსახური, სააგენტო და ერთობლივი ძალისხმევის შედეგი არის ის ყველაფერი, რაც მოვყევი. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სტიქიის არეალში საგზაო კომუნიკაციის გამოყენებით შესვლას ზღუდავს. ორი ხიდი არის წაღებული, ასევე გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც დაფარული არის მეწყრით. მობილიზაცია მყისიერად გაკეთდა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით საათ-ნახევრის წინ კიდევ შეემატა მძიმე ტექნიკა. საუბარი არის ამ შემთხვევაში უკვე ექსკავატორებზე, ბულდოზერებზე, თვითმსვლელებზე, დამტვირთველებზე და ყველა იმ აუცილებელ ტექნიკაზე, რომელიც ასეთ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. ასევე, ტექნიკა გზაშია, რომელიც უკვე ღამე ჩამოვა და, შესაბამისად, უკვე ხვალ დილიდან ეს ტექნიკაც ჩაერთვება დამატებით. მარტო ხვალ დილის მდგომარეობით დაახლოებით 20-მდე ერთეულ ტექნიკაზე არის საუბარი. ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ყველა ძალისხმევის გათვალისწინებით, არავითარი გამოწვევა არ არის. რესურსის თვალსაზრისით ჩართულია იმაზე მეტი, ვიდრე ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია, უფრო კარგი პროგრესი მივიღოთ. ძალიან სპეციფიკურია ეს ვითარება. ტექნიკასაც მოუწევს ამ ვითარების გათვალისწინებით მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, ხვალიდან დაიწყება დროებითი ხიდების მონტაჟი.

„რაც შეეხება ხიდებს, უკვე მობილიზაცია დაწყებულია და ხვალიდან დაიწყება დროებითი გასასვლელი ხიდების მონტაჟი იმდაგვარად, რომ რეალურად ამ მიმართულებით უკვე საგზაო კომუნიკაციების აღდგენის თვალსაზრისით შეფერხება არ იყოს. ესეც რამდენიმედღიანი პროცესი იქნება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები და იმავე ტექნიკის გადასვლა მდინარის მეორე მხარეს უკვე დილიდან განხორციელდება და გაგრძელდება სხვა შესაბამისი სამუშოები. ადგილზე არიან გარემოს დაცვის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, გეოლოგები, რომლებიც, ხვალ დილით ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ განახორციელებენ შეფრენას, რათა დაათვალიერონ აღნიშნული უბანი ვერტმფრენის მეშვეობით და რეალურად მიიღონ ის ინფორმაცია, თუ ამჟამად რა ვითარებაა ადგილზე. ბუნებრივია, ყოველწუთიერად მაშველები, პოლიციისა და საპატრულო სამსახურების წარმომადგენლები ჩართულნი არიან ადგილზეც“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ რა ღონისძიებები ჩატარდება შემდგომ პერიოდში.

„მთავარი გამოწვევა და მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ იმ პირებს, ვისთანაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას, დავუკავშირდეთ და, შესაბამისად, იქნას მათი ევაკუაცია განხორციელებული. რეალურად, იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, სურათი ეს არის, რაც გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი და უფრო მეტიც, რეალურად, მობილიზაციაა დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან ყველა იმ რგოლის ჩართულობით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, რომელიც ჩართულია ლიკვიდაციისა და სამაშველო ოპერაციაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაც გაკეთდა და კეთდება, არის ის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი არის ამ ვითარებაში, რომ გაკეთებულიყო“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რაც შეეხება ვერტმფრენის სტიქიის ზონაში მისვლის დროსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, ვერტმფრენი უმოკლეს ვადაში იყო ადგილზე.

„რაც შეეხება ვერტმფრენს, მართალია, მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და, მათ შორის, ვერტმფრენსაც, გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე, მეორე. შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ამისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცამ დაიგვიანა, ჩვენც ვისურვებდით, რომ საერთოდ წინასწარ გვცოდნოდა ეს ყველაფერი და არ მომხდარიყო საერთოდ. პირველი, არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო; მეორე, დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება. ის, თუ როგორი ვერტმფრენი გვყავს და რანაირი, ამაზე ალბათ სპეციალისტები უფრო მეტყველ პასუხს გაგცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ვერტმფრენის მუშაობა სხვადასხვა რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.