ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
მსოფლიო 27-ე საგზაო კონგრესი – „პრაღა 2023 – ისევ ერთად გზაზე“ – 2-6 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) ორგანიზებით მიმდინარეობს. საგზაო კონგრესის მონაწილეები განიხილავენ და ეცნობიან მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგზაო ტრანსპორტის ტენდენციებსა და გამოწვევებს.
კონგრესის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე გაიმართა მინისტერიალი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობდნენ. მინისტერიალის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემ სიტყვით მიმართა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის საგზაო ქსელის, მათ შორის, მთის გზებისა და საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების განვითარებისთვის, როგორც საინჟინრო, ისე მნიშვნელობის თვალსაზრისით, უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს.
,,ვმონაწილეობთ უმაღლესი დონის მსოფლიო 27-ე საგზაო კონგრესში, სადაც წარმოდგენილია მრავალი ქვეყანა, ხდება გამოცდილების გაზიარება, ასევე ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე მსჯელობა. ჩვენც ვუზიარებთ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენთან საგზაო მიმართულების განვითარებასთან, მაგისტრალური გზების მშენებლობასთან და, ზოგადად, საგზაო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს. ბუნებრივია, მათ შორის არის საგზაო უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. კონგრესის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე იქნება საუბარი, ეს არის ინოვაციები, დაგეგმარება და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური რეგლამენტები“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობას და იმ გეგმაზომიერ განვითარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელებულმა პროექტებმა სატრანსპორტო დერეფანი მომზადებული დაახვედრა გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადებს. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალურ გზაზე გადაადგილების დრო განახევრდება, რაც, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზის პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის მის მიმზიდველობას და თითქმის გაასამმაგებს გამტარობას.
ირაკლი ქარსელაძემ მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა „ხედვა 2030“-ით ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისათვის გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კონგრესის მიმდინარეობისას, რომელშიც მონაწილეობენ მინისტრები, გზების ექსპერტები და პრაქტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმართება მინისტრთა სესიები, სპეციალიზებული სემინარები, პარტნიორებს შორის სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, სოციალური და სხვა სახის ღონისძიებები.
სესიებსა და შეხვედრებზე განიხილება PIARC-ის კომიტეტების მიერ 2020-2023 წლებში მომზადებული მოხსენებები. მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) ორგანიზებით, პირველი მსოფლიო საგზაო კონგრესი 1908 წელს პარიზში ჩატარდა. მსოფლიო საგზაო კონგრესი ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. შეხვედრების მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგზაო ტრანსპორტის სფეროში მსოფლიო გამოცდილების გაზიარება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ქარსელაძე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.