საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამი ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მათ, ასევე, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, საგზაო, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესზე, შედეგებზე და აღნიშნა ამ პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის.
იუჯინ რუგენაათმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი, რაც, მისი თქმით, თანამშრომლობის გაღრმავების კარგ შესაძლებლობას იძლევა.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლუკ დრესი.