ირაკლი ქარსელაძე - მომდევნო ათ წელში 31 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტირება არის გამოკვეთილი მიზნების მისაღწევად, რომელიც რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის არის საჭირო
მომდევნო ათი წლის განმავლობაში 31 ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტირება არის გამოკვეთილი იმ საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად, რომელსაც სტრატეგია ითვალისწინებს, საქართველოს რეგიონების მდგრად და ცხოვრების დონის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, დღეს ბორჯომში ძალიან საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 10-წლიანი განვითარების სტრატეგია 20-30-ის პირველადი ვერსია იქნება წარდგენილი.
„რეალურად პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის მაგისტრალური გზები, წყალმომარაგება, არის კონკრეტული ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც უკვე მოხდება შესაბამისი სტრატეგიის შეფასება, მათ შორის ეს არის მაგისტრალური აღმოსავლეთ დასავლეთი დერეფნის განვითარება და მისი დიდი ნაწილის 25-წლამდე დასრულება და მთლიანად 20-30-ში, რაც შედეგად მოგვცემს იმას, რომ წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო განახევრდება და 8-ის ნაცვლად 4-4,5 საათში იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, ასევე ინდიკატორები და მიზნები მოიცავს იმდაგვარად შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარებას, რაც რეალურად მხოლოდ კარგი გზები გვექნება. შესაბამისად, ოცი-ოცდაათი წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი გზებზე ფაქტობრივად ცუდი გზა აღარ გვექნება“,- განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წყალმომარაგების კუთხით აქცენტები, 2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის უკვე მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალზე.
„მნიშვნელოვანი გარემოებაა მყარი ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და 2030 წლისთვის ყველა ძველი ნაგავსაყრელი იქნება დახურული და მთლიანობაში ექვსი საერთაშორისო სტანდარტის ნაგავსაყრელი იქნება აშენებული. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის განვითარება, გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, როგორც გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, ასევე ფინანსური დამოუკიდებლობის და მეტი შესაძლებლობის კუთხით. შესაბამისად, უკვე ესეც გამოიხატება ამ ინდიკატორებში. მთლიანობაში ეს არის ის სტრატეგია, რომელიც შემდგომში უკვე განვითარდება ქვემდებარე დოკუმენტებში, სადაც უკვე ყოველწლიურ რეჟიმში და მრავალწლიან რეჯიმში იქნება წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. მთლიანობაში მომდევნო ათი წლის განმავლობაში 31 ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტირება არის გამოკვეთილი იმ საჭიროებების, ინდიკატორების და მიზნების მისაღწევად, რომელსაც სტრატეგია ითვალისწინებს და გულისხმობს საქართველოს რეგიონების მდგრად განვითარებას და ცხოვრების დონის განვითარებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.