ირაკლი ქარსელაძე - მაგისტრალური გზების მშენებლობა პრიორიტეტად რჩება
სამ მილიარდ ლარამდე ინვესტირდება ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. პრიორიტეტად რჩება მაგისტრალური გზების მშენებლობა. მომავალ წელს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება მაგისტრალების მშენებლობას და ამ ინვესტიციების შედეგად, უკვე დასრულდება, როგორც რიკოთის, ისე ბევრი სხვა მონაკვეთი. უკვე 2024 წლის ბოლომდე, მაგისტრალური გზის ყველა ძირითადი მონაკვეთი იქნება დასრულებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მაგისტრალური გზების მშენებლობის პროგრესი მზარდია.
„ამ ეტაპზე მაგისტრალური გზის 118 კმ-ზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთზე, სადაც შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ასევე, მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის, ბათუმის შემოვლითი გზის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთების მშენებლობა. რაც შეეხება ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო კავშირისთვის, იქაც შესამჩნევი პროგრესია. შენდება 9 კმ უნიკალური გვირაბი, რომელიც უკვე 3300 მეტ სიღრმეზე არის გაყვანილი და პროცესი გრძელდება. ასევე, ინტენსიური სამუშაოებია კახეთის მაგისტრალური გზის 35 კმ-ზე, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის ასაშენებლად. გარდა ამისა, მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გზების რეაბილიტაციები, რომლის ფარგლებშიც, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებიც გვექნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების შესაბამისი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე მასშტაბური პროექტები, უზრუნველყოფენ საერთაშორისო მაგისტრალის შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030“-ის შესაბამისად, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებაა განსაზღვრული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. აქედან, 17 მილიარდი, სწორედ, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.