ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები მიმდინარეობს
იმერეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავს – საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებისას.
„დღეს ქუთაისში მოვინახულეთ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტეები, სადაც ფალიაშვილის ქუჩის მთლიანი განახლებაა დაწყებული. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია მთელი რიგი საინჟინრო ქსელების გაუმჯობესება, წესრიგდება სანიაღვრე სისტემები და ძლიერდება ენერგოეფექტურობის კომპონენტი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, სატენდერო პროცედურებია დაწყებული 45 მილიონ ლარის ღირებულების პროექტებზე, რომელიც იმერეთის რეგიონსაც მოიცავს.
იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. ქუთაისში მიმდინარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობისა და ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.
„უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მზადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების განახლებისთვის აუცილებელი პროცედურები. ასეთია მაგალითად, ქუთაისის ძველი, ისტორიული ბიბლიოთეკის შენობა. გარდა ამისა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ცენტრალური ბაღის სრული განახლებისთვის, სატრანსპორტო კვანძის, ავტოსადგომის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, რაც უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბაღის სრული განახლება დასრულდება 2023 წელს.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.