ირაკლი ქარსელაძე - დასავლეთ საქართველოში უეფა-ს სტანდარტის ხუთი სტადიონი გვექნება
ხუთი სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია სრულდება დასავლეთ საქართველოში. ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და თანმდევი აუცილებელი ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, ტესტირებების დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება უეფა-ს მეოთხე, უმაღლესი კატეგორიის სტადიონი, სადაც ნებისმიერი დონის მატჩის გამართვა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონსა და თბილისის საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს. ოთხი ახალი, უეფას მეოთხე კატეგორიის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფა-ს სტანდარტის ბალახის საფარითა და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა Labosport-მა და SIS Pitches-მა შეასრულეს. სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების სისტემები. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.
„ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა ექვსი სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.