ირაკლი ქარსელაძე - დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, კურორტ შოვთან, სადაც სტიქიამ ორი ხიდი წაიღო, რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთი დროებითი ხიდის მოწყობა, ამჟამად კი დაიწყო მეორე სარმის ხიდის მონტაჟი.
„სტიქიის შედეგად ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონასა და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა, ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო.
„გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ, მჟავე წყლებთან მიახლოვების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე, რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და, აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ირკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ტექნიკის საშუალებით შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე და გაფართოვდა სამუშაო არეალიც.
„კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და, შესაბამისად, ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და, შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა სამუშაოების სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოებში ჩართულმა ადამიანებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს.
„ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის მუშაობა უშუალოდ იმ მასასთან, მის შემადგენლობასთან, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა, ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.