ირაკლი ქარსელაძე - ბაღდათი-აბასთუმნის ახალი გზით ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში 2.5 საათში ჩავალთ
ირაკლი ქარსელაძე - ბაღდათი-აბასთუმნის ახალი გზით ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში 2.5 საათში ჩავალთ

ბაღდათი-აბასთუმნის ახალი გზით ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში 2.5 საათში ჩავალთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მისი თქმით,​ ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს.

„ეს არის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე – 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა.

მინისტრის თქმით, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქარსელაძის განცხადებით, უკვე დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, მომდევნო წელს, ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება და აღნიშნა, რომ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ მონაკვეთებზეც.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და  მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან (ქუთაისიდან)  თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე).

„გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.

აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტმა არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.

მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.