ირაკლი ქარსელაძე ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილეები, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მშენებელი კომპანიის Hunan Road and Bridge Construction Group-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ხევი-უბისას პროეექტის დეტალები და სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ის წარმომადგენლებმა სამშენებლოს სამუშაოებზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ პროექტის წარმატებით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასასრულებლად. ამასთანავე ხაზი გაუსვეს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.
ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.
პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი-თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია სამი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.
პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.