ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში მოვისმინე რეალობას, სიმართლეს და რაციონალურ მსჯელობას მოკლებული განცხადებები, რომელიც ანაკლიის მისასვლელ გზასთან დაკავშირებით ჩავარდნილ ტენდერებს უკავშირდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა“.
ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, დღემდე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
„ჩვენი სურვილია, ხარისხიან და გამოცდილ კომპანიასთან გვქონდეს საქმიანი ურთიერთობა, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩავარდნილი ტენდერების დეტალური ანალიზის შედეგად შევიმუშავეთ ახალი წესი და გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ორ ეტაპს. პირველი – ტექნიკური, ხოლო მეორე – ფინანსური შემოთავაზებების შერჩევა-შეფასების ეტაპია. ტექნიკურის კომპონენტის წილი არის 80 პროცენტი, ფასის წილი კი – 20 პროცენტი. ეს წესები, ქულების დაწერისა და შეფასების პრინციპი, პროპორცია, ყველა ასპექტი ეყრდნობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკას“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტექნიკური შემოთავაზებები 14 მარტს გაიხსნება, თვის ბოლომდე კი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს ინიციატივაა და ნებისმიერი შეფერხება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს. რამდენად ვიცი, კონსორციუმმა დარჩენილ 21 თვეში 300 ჰექტარ ტერიტორიაზე 600 მილიონი დოლარის პროექტი უნდა განახორციელოს და ბუნებრივია, ამ ციფრებთან შედარებით, 18 კმ გზის მშენებლობა ნამდვილად არ არის პრობლემა. სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ეს გზა აშენდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.