ირაკლი ქარსელაძე - ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტენდერები გამოცხადებულია შესყიდვის კანონმდებლობის სრული დაცვით
ვინც ამბობს, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები არის თითქოს შეუსაბამო, ის ვერ ერკვევა სახელმწიფო შესყიდვებში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„დაზუსტდა კონკრეტული მუხლი, რომელიც იწვევდა ინტერპრეტაციის საშუალებას და იმისთვის, რომ ორაზროვანი აღქმა არ ყოფილიყო, ყველა ტენდერში მოხდა ერთი და იგივე დაზუსტება, რაც ოფიციალურადაც გამოქვეყნდა“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში გამოცხადებული 15 ტენდერიდან ათი დღესაც მიმდინარეობს, ხუთის შემთხვევაში კი, სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვერ განხორციელდებოდა, თუ პროცედურულად არ შეწყდებოდა და შესყიდვა განმეორებით არ გამოცხადდებოდა.
„ეს არის რეალური გარემოება, რომელიც არის სტანდარტული შესყიდვის პროცედურა, შესყიდვის კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისად რაიმე საუბარი შესაძლო რაღაც რისკებზე , ან რაღაც შეუსაბამო მოთხოვნებზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისთვის 15 ტენდერი გამოაცხადა.