ირაკლი ქარსელაძე - 500 მილიონი ლარი არის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული საორიენტაციო თანხა, ახალ ვალზე საუბარი არ არის
500 მილიონი ლარი ეს არის იმ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ოთხი წლის განმავლობაში. არის პროექტები, რომლებიც შინაარსობრივად მოითხოვენ უფრო ხანგრძლივ პერიოდს და შესაბამისად, განხორციელდება უკვე მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ვალზე საუბარი არ არის.
„დაფინანსების წყაროს რაც შეეხება, ახალ ვალზე საუბარი არ არის, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა მოძიებული სხვადასხვა რესურსების გამოთავისუფლების კუთხით. მათ შორის, საკუთარი რესურსების გამოთავისუფლების კუთხით. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს. თავისუფალ სახსრებზე ნამდვილად უსაფუძვლოა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მოხდა გარკვეული პრიორიტეტების გადალაგება, სწორედ ამ კაპიტალური, ურბანული, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ აღნიშნული პროგრამა სწორედ ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის. ტურისტებისთვის მოწყობა არ არის ამ პროგრამის ერთადერთი შემადგენელი კომპონენტი. ეს არის რეგიონის განახლება, ახალი შესაძლებლობა სწორედ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ მდებარეობაშია. სწორედ პანდემიის დროს უნდა გადაალაგო პრიორიტეტი და განსაზღვრო ის პრიორიტეტი, რაც შენი რეგიონის მოსახლეს ყველაზე უფრო ჩართულს, ყველაზე უფრო შედეგის მიმღებს გახდის“, – განაცხადა ქარსელაძემ.