ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება
ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება

მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, აშენდა და აღიჭურვა ნარჩენების გადამტვირთავი ხუთი სადგური, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ 160 ერთეულზე მეტი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 20 000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი, – აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, პარალელურად, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან დაიხურა 24 არსებული ძველი ნაგავსაყრელი, 30-ს კი სისტემატურად უტარდება მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

მისივე განცხადებით, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტები ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობის თვალსაზრისით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ახალ ობიექტებზე გარემოსდაცვითი კუთხით გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის წყლის გამწმენდი რევერსული ოსმოს სისტემები, რაც დააკმაყოფილებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა შესაბამის მოთხოვნას.

მინისტრის თქმით, 2022 წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყება ახალი ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა. გათვალისწინებულია, ასევე, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

„2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და ჯამში, ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება. შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების მართვისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურა, განახლდება ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და დაინერგება ნარჩენების მართვის უფრო ეფექტური სისტემა, რაც მკვეთრად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ მიმართულებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.