ირაკლი ქარსელაძე - 2024 წელს დამატებით 75 ათას ბენეფიციარს ექნება წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე
ირაკლი ქარსელაძე - 2024 წელს დამატებით 75 ათას ბენეფიციარს ექნება წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი რეჟიმით მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, 2025 წლის ბოლოს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2024 წელს გაგრძელდება 20 ქალაქში მიმდინარე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები. ამავდროულად, ქალაქებში, სადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, 2024 წელს 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტებიდან დასრულდება 30 მდებარეობაში მიმდინარე პროექტი და წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება არაერთი დაბა და სოფელი.

„2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება გაუუმჯობესდა 290 ათას ბენეფიციარს, საიდანაც 100 ათას ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე; ხოლო 2024 წელს დაგეგმილი 30 მდებარეობაში დასრულებული პროექტით, დამატებით 75 ათას ბენეფიციარს ექნება წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რათა 2030 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა სტანდარტების შესაბამის სასმელ წყალზე.