ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 საგზაო პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 საგზაო პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა

მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15-კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კმ-იან მონაკვეთზე.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, სადაც 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი იქნება კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ ათ სოფელს უკავშირდება. პროექტი შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს ერთი საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.

რაც შეეხება კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქარსელაძის განცხადებით, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ამ მიმართულებით. 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე 2023 წელს პირველი 4-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა. მიმდინარეობს სამუშაოები ორ ლოტზე, სადაც სამუშაოების 40 პროცენტამდე შესრულებულია და შედეგად, მომდევნო წელს სამუშაოები დასრულდება 31 კმ-ზე ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვადების დაცვით. ასევე, 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. შესაბამისად, კახეთის მაგისტრალის 52-კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება. ასევე, მინისტრის თქმით, კახეთის მიმართულებით გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი. უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90 პროცენტი, 12 კმ-ზე მოწყობილია საფარი. სამუშაოები გრძელდება და 2024 წელს დასრულდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით, რომელიც დაყოფილია რვა მონაკვეთად. სამუშაოები მიმდინარეობს პირველ ხუთ მონაკვეთზე, დარჩენილ სამ მონაკვეთზე კი მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2022 წელს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე ახალი ოთხ ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა.

„მიუხედავად გამოწვევებისა, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდა და 2024 წელს გათვალისწინებული გვაქვს თბილისი-რუსთავის 17-კმ-იანი გზის დასრულება. კერძოდ, როგორც იცით, გზის 13.5-კმ-იანი მონაკვეთი უკვე გახსნილია და დაიწყება ფონიჭალის 3.5-კმ-იანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციისა და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი.

საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია- მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციისა და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი.

საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე. მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105 პროცენტით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ მილიარდ 955 მილიონი შეადგინა. 109 პროცენტით არის შესრულებული დეპარტამენტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის ბიუჯეტიც, რომელიც შეადგენს 1,497 ლარს.