ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 3 080.4 მილიარდი ლარი, რაც 23 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულებამ 103,5 პროცენტი შეადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები წარადგინა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შარშანდელი წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებშიც ინვესტირებული იყო 3 080.4 მილიარდი ლარი, რაც 23 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ბიუჯეტის შესრულებამ 103,5 პროცენტი შეადგინა.
თავის ანგარიშში ირაკლი ქარსელაძემ ვრცლად ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2021 წელს დაწყებული პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა, რომ დეცენტრალიზაციის ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში სამოქმედო გეგმით 2022 წლისთვის გათვალისწინებული ყველა აქტივობა და ინდიკატორი სრულად იქნა შესრულებული.
მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა. 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კმ-იან მონაკვეთზე. ასევე, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის პროექტის ფარგლებში 9-კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის 7,7 კმ უკვე გაჭრილია.
მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდა რეგიონების დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის: ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე, ხულო-ზარზმის, ასევე ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტებზე. შარშან დასრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე ახალი ოთხზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე.
„2022 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა. ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით. აქედან 40 ათას ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ანგარიშში მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მიმდინარეობდა 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც დასრულებულია 57 სკოლის სამუშაოები, წელს დასრულდება კიდევ ათი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო დარჩენილის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2024-2025 წლებში. ასევე, გასულ წელს მიმდინარე სამუშაოების შედეგად 2023 წელს დასრულდა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობა და 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, გრძელდება სამუშაოები ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების ასაშენებლად, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოსა და წნორის სპორტკომპლექსტების მშენებლობა.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ 2022 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური იქნება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები, რისი წინაპირობაც სამინისტროს მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის მაჩვენებელია, რამაც 108.2 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას სამინისტრომ 2 318.2 მილიონი ლარი უკვე მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტია და სამინისტროს არსებობის ისტორიაში ცხრა თვის შესრულების ყველაზე მაღალი შედეგია.