ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი ძალიან შედეგიანი იყო ქვეყნისთვის
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი ძალიან შედეგიანი იყო ქვეყნისთვის

პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინა. გვქონდა შედეგიანი 2022 წელი, მნიშვნელოვანი ინიციატივებითა და ახალი პროგრამებით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რომელიც გადაჭარბებით შესრულდა.

„განხორციელდა 5 500 პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 1 200 კომპანია და ჩართული იყო 25 000 ადამიანი. ეს ციფრები გამოხატავს იმას, თუ რა ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წელს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 118 კმ-ზე, საიდანაც 40 კმ-ზე მოეწყო საფარი და 15 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ეტაპობრივად გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზეც და 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები უკვე 4.5 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2000 კმ გზას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა წყალმომარაგების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზეც და აღნიშნა, რომ 2022 წელს 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა პროექტები. სამუშაოები დასრულდა 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც 140 000 ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, წყალმომარაგების რეკორდული ბიუჯეტი მომხმარდება მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტის შესრულებას და 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.