ირაკლი ქარქაშაძე - სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს
ირაკლი ქარქაშაძე - სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს

სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

ქარქაშაძის თქმით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 195 ევრო იქნება.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეროვნული ნაკრების ეს უდიდესი გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ დღემდე შევასრულეთ 30-მდე ჩარტერული რეისი და 6 000-მდე გულშემატკივარს ჰქონდა საშუალება, ამ დიდ დღესასწაულს დასწრებოდა. დღეს უკვე დამატებით ჩაეშვება ოთხი რეისი – ორი რეისი 29 ივნისს, 30 ივნისს და 2 ივლისს და საშუალება ექნება დაახლოებით 1 000-მდე მგზავრს, რომ დამატებით დაესწროს თამაშებს. რაც შეეხება პროცედურას, არის ანალოგიური. ფასი იქნება ერთი მიმართულება 195 ევრო და ეს არის საქართველოს მთავრობის სუბსიდირებული ფრენები.

რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ასევე მოგახსენებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“ შეასრულებენ აღნიშნულ ჩარტერებს. tkt.ge-ზე იქნება ხელმისაწვდომი იქნება ხელმისაწვდომი უკვე დღეიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გაიყიდება ეს ბილეთები და ერთად ვიზეიმებთ იმ ძალიან მაგარ თამაშს, რომელსაც ბიჭები შემოგვთავაზებენ რამდენიმე დღეში. 29 ივნისს მგზავრებს შევთავაზებთ ორ ფრენას, 30 ივნისს ამ ეტაპზე გვაქვს ერთი ფრენა და უკან გამოფრენა დაგეგმილი გვაქვს 2 ივლისს.

რა თქმა უნდა, მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ დამატებით შევთავაზოთ მგზავრებს ბილეთები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოკლე პერიოდია, რა თქმა უნდა, დადასტურებას საჭიროებს როგორც ავიაკომპანიებიდან, ისე შესაბამისი საავიაციო უწყებებიდან როგორც ქართული, ისე ევროპული მიმართულებიდან. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა მოთხოვნა, რაც წარმოიშობა, დაკმაყოფილდეს. იმ 30 ჩარტერულ რეისზე ჩვენ, დაახლოებით, 6 000-მდე ბილეთი გვქონდა შეთავაზებული მგზავრებისთვის და 5 900-მდე ბილეთი გაიყიდა. საოცარი მოთხოვნა იყო. ანალოგიურად, თუ საჭიროება დაგვანახებს, რომ კიდევ არის მოთხოვნა, აუცილებლად გავითვალისწინებთ და დავაკმაყოფილებთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ესპანეთთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საჭირო გახდეს კიდევ რეისების დამატება.

მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, გვჯერა თუ არ გვჯერა. ჩვენ ეს უკვე ვიცით“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული ოთხი ჩარტერული რეისი განხორციელდება.