ირაკლი ქადაგიშვილი - ზურგს უკან არაფერს ვთამაშობთ არც ამერიკის, არც ევროპის მიმართულებით, ვითხოვთ, მათი დამოკიდებულებაც ღია, ნათელი იყოს
ირაკლი ქადაგიშვილი - ზურგს უკან არაფერს ვთამაშობთ არც ამერიკის, არც ევროპის მიმართულებით, ვითხოვთ, მათი დამოკიდებულებაც ღია, ნათელი იყოს

ზურგს უკან არაფერს ვთამაშობთ არც ამერიკის, არც ევროპის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ, მათი დამოკიდებულებაც ღია, ნათელი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

„საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს არც აქამდე უშლიდა არაფერი ხელს, ამ პაკეტების რეალიზაცია მოეხდინა. საქართველო, დიდი ხანია, ითხოვს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ათეული წლების განმავლობაში განხორციელებადი იყო. დღეს ამ თემაზე საუბარი, და თან შანტაჟის ენით, მცდელობაა, ქვეყანაში ვითარების დაძაბვას შეეწყოს ხელი. საქართველო არ ცვლის თავის გეოპოლიტიკურ ორიენტირს. საქართველოში არსებობს დემოკრატიის სპექტრი – დაწყებული მედიათავისუფლებით, დამთავრებული ბიზნესის თავისუფლებით. რა თქმა უნდა, არჩევნები მარკერია იმის, რამდენად მდგრადია ქვეყანაში დემოკრატია.

ღია ვართ და ზურგს უკან არაფერს ვთამაშობთ არც ამერიკის, არც ევროპის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ, საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულებაც ღია, ნათელი იყოს. მზაობას ვაცხადებთ, მაგრამ ეს მეორე მხრიდანაც გულწრფელად უნდა იყოს აღქმული. ჯერჯერობით ეს ერთი დეპუტატის ინიციატივაა, მეორე საკითხია, გახდება თუ არა კონგრესის აქტი თუ დოკუმენტი და იქნება თუ არა ამერიკის მთავრობისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი. ამერიკას ამ შეთავაზებების იმპლემენტაცია თუ სურს, მაშინ კონგრესი არაფერ შუაშია, ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განსახორციელებელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ კეთდება, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ასეთი სახის განცხადებები თანხვედრაშია საქართველოს შიდა პოლარიზაცია-რადიკალიზაციასთან. ახლა ოპოზიცია შეეცდება, ერთი კონგრესმენის განცხადება და სურვილი გაასაღოს, როგორც შემდგარი ფაქტი. რა თქმა უნდა, პოლიტტექნოლოგიის გამოვლენაა, როცა გარკვეული ინფორმაციის ჩაშვება ხდება, რათა რომელიღაც მხარემ ეს ინფორმაცია სპეკულაციებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.