ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე მეტს ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელსაც რეკომენდაციებთან დაკავშირებით არცერთ სამუშაო ჯგუფში არ მიუღია მონაწილეობა, მათი მიზანია, საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციის მიზანია, ევროინტეგრაციის გზა დააზიანონ და საკუთარი გეგმები შეასრულონ.
„ოპოზიციის მიზანია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს და, შედეგად, ხალხში უკმაყოფილების ტალღა ააგორონ, რევოლუციური დღის წესრიგი განავითარონ. პირდაპირ ვერ იტყვიან, რომ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხრიკებით ცდილობენ, თავიანთი ბოროტი ზრახვა შენიღბონ და თქვან, სტატუსი ქვეყანას უნდა, მაგრამ მთავრობას – არა. ეს არის ოპოზიცია, რომელსაც არცერთ სამუშაო ჯგუფში არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა ყველაზე მეტს ლაპარაკობს. ბორელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სამ ქვეყანას შორის ვინმემ შეასრულა რეკომენდაციები, ეს საქართველოა. დეპოლარიზაცია კი გამოწვეულია იქიდან, რომ საქართველოს სტატუსი თავის დროზე არ მიენიჭა, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი გახდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.