ირაკლი ქადაგიშვილი - ყველანაირად შევუწყობთ ხელს საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებას
კახეთი მევენახეობის რეგიონია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაჩეროთ საგაზაფხულო სამუშაოები. ცხოვრება გრძელდება. ხვალ-ზეგ ისევ დავუბრუნდებით სრულფასოვან ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, ყველანაირად შევუწყობთ ხელს საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებას, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გუბერნატორის განმარტებით, მევენახეებსა და ფერმერებს საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ.
„სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში მოსახლეობას ხელს შევუწყობთ, მაგრამ მათაც ვუწესებთ რეგულაციებს. მუშახელის ტრანსპორტირება ადგილზე უნდა მოხდეს იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რაც ახლა მიღებულია. ვიცით, რომ ეს მათთვის დამატებითი ხარჯია, მაგრამ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ გზით წავალთ“, – განმარტავს ქადაგიშვილი.
კახეთში ოპერატიული შტაბის თათბირზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირებისა და საგანგებო რეჟიმის შესრულების შესახებაც იმსჯელეს. მათ შორის, მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით ჩასატარებელ ღონისძიებებზე და მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე, მარტოხელა პენსიონერებსა და შშმ პირებზე დახმარების პაკეტების განაწილებაზე.