ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღრმა კრიზისია, რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს, როგორც ჩანს, სოსო თოფურიძეც რომელიღაც დაჯგუფების ინტერესებით აკეთებს განცხადებას
ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღრმა კრიზისია, სადაც რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს. როგორც ჩანს, სოსო თოფურიძეც რომელიღაც დაჯგუფების ინტერესებით აკეთებს განცხადებას, რათა ამ დაჯგუფებას მეტი საშუალება მიეცეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ძალაუფლების ხელში ასაღებად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სოსო თოფურიძის განცხადებაზე, სადაც თოფურიძე აღნიშნავს: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ, მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება“.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“შიდაპარტიული ბრძოლაა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ პარტიის პოლიტიკური ხაზი, მათი მიზნები და ტაქტიკა რეალობასა და ქვეყნის ინტერესებს არის აცდენილი.
„ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა, რომელიც გამოწვეულია იქიდან, რომ პარტიის პოლიტიკური ხაზი, მათი მიზნები და ტაქტიკა აცდენილია რეალობასა და ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ შეიყვანა პარტია ასეთ მძიმე კრიზისში, რომლის შედეგია შიდაპარტიული ბრძოლაც. ეს ყველაფერი დამთავრდება პარტიის დასუსტებით, რაც კარგი იქნება საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.