ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა კანონმორჩილი მხარე ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია
ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა კანონმორჩილი მხარე ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია

ყველა კანონმორჩილი მხარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მედიაც არის კანონმორჩილი მხარე, პირველ რიგში, ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ტელევიზია თავის ვალდებულებას კანონის წინაშე პირნათლად შეასრულებს და მასალას, რომელსაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს.

„სასამართლო აძლევს პროკურატურას უფლებას, რომ ძალით შეიჭრას? განჩინება არსებობს და ეს არის სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოაქვს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებისთვის, რომ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს გამოძიებამ. ამიტომ ყველა ის მხარე, რომელიც არის კანონმორჩილი მხარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რა თქმა უნდა, მედიაც არის კანონმორჩილი მხარე, პირველ რიგში, ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია. სწორედ პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან, სატელეფონო მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც. რასაც კანონი ითხოვს, მიღებულია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტელევიზია თავის ვალდებულებას კანონის წინაშე პირნათლად შეასრულებს და მასალას, რომელსაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს. არ ვარ გამომძიებელი, პროკურორი, საქმის მასალებზე დეტალურად ვერ ვიტყვით, ორი ჩიპია საჭირო თუ ოთხი კონვერტი, მაგრამ ყველა ის მასალა, რა მასალაც სჭირდება გამოძიებას და რის ამოღებაზეც სასამართლოს აქვს ნებართვა მიცემული, ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს.

განჩინებაში რაც წერია, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. სასამართლოს არანაირი უფლება არ აქვს, რაიმე ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, გარდა კანონით განსაზღვრული წესისა, რომელიმე აღმასრულებელ და საგამოძიებო ორგანოს. ის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით, სახელმწიფო ორგანოებს, საგამოძიებო ორგანოებს თავის საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს აქვთ გარკვეული უფლებამოსილება კანონის ჩარჩოებში გასატარებლად და უფლება, როდესაც ვთქვათ, არ თანამშრომლობს მხარე გამოძიებასთან, გამოძიებამ გამოიყენოს პროპორციული, კანონით განსაზღვრული ქმედება, რომ ამოიღოს გამოძიებისთვის საჭირო ნივთმტკიცება ან სხვა მასალა, ეს არის დემოკრატიული კანონი. არსებობს და თუ არ არსებობს, ამას გამოძიება გაარკვევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.