ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ ყველა რეგიონში იმისთვის, რომ ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ
მოგეხსენებათ, რომ უკვე სხვა ფაზაში გადავდივართ. მაქსიმალურად, ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ რეგიონებში, რათა ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, შემდეგი რეკომენდაციებია ის, რომ ე.წ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა მაქსიმალურად აიკრძალება.
„ამავდროულად, მაქსიმალურად შეიზღუდება რესტორნებსა და კაფეებში, აგრეთვე, ნებისმიერი ასეთი ტიპის ადგილებში თავშეყრა და დაიხურება ასეთი ობიექტები. იმუშავებენ მხოლოდ გატანაზე. ასევე, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და შეიზღუდება ყველა იმ ტიპის ობიექტის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ადამიანების თავშეყრა მოხდეს“,- განაცხადა ქადაგშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ღონისძიება ტარდება ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად – გაწყდეს ვირუსის გავრცელების ჯაჭვი.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიებები ტარდება არა რაიმე დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, არამედ ტარდება ერთი მთავარი მიზნისთვის – ვირუსის გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად, ყველა კომპონენტში იქნას გაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გარკვეულ დისკომფორტს, მაგრამ მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა, ცხოვრობს იმ პირობებში, როცა უნდა მივიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები, გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, რათა გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად გავწყვიტოთ ყველა შესაძლო სარისკო ადგილას,“- აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.
აგრეთვე, ირაკლი ქადაგიშვილმა საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მოქალაქეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას.
„გადაადგილება დღეს აღარ არის პრიორიტეტი. დღეს პრიორიტეტია ცხოვრების ისეთ წესზე გადასვლა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად იზოლირებულები. გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას. ამ განსაკუთრებული აუცილებლობისას უნდა იქნას გამოყენებული პერსონალური ავტოტრანსპორტი. თუ თქვენი გადაადგილება დაკავშირებულია საზოგადოებრივ აუცილებლობასთან, სახელმწიფო საქმიანობის აუცილებლობასთან, ან კონკრეტული კერძო კომპანიის, თუ ფირმის მუშაობის აუცილებლობასთან და მას აქვს ძალიან დიდი, სასიცოცხლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ხდება ასეთი გადაადგილების უზრუნველყოფა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ მოგზაურობების დრო დროებით შეწყვეტილია, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“,- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.