ირაკლი ქადაგიშვილი - ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება, რის საფუძველზე და რა მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს საგამოძიებო კომისია, რთული საქმეა, დავუჭერ თუ არა მხარს
ირაკლი ქადაგიშვილი - ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება, რის საფუძველზე და რა მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს საგამოძიებო კომისია, რთული საქმეა, დავუჭერ თუ არა მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვიდრე კონკრეტული ინფორმაცია არ იქნება, რის საფუძველზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მანამდე გაუჭირდება თქმა, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ინიციატივას.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, თავისი კონკრეტული დღის წესრიგის შესაქმნელად რაღაც საკითხი გამოიყენოს.

„სამი მოსამართლის და ერთი არამოსამართლე პირის დასანქცირებით ახლა ოპოზიცია შეეცდება, თავისი, ფაქტობრივად, არარსებული დღის წესრიგი გამოაცოცხლოს. ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, თავისი კონკრეტული დღის წესრიგის შესაქმნელად რაღაც საკითხი გამოიყენოს, რადგან მას მკაფიო, ჩამოყალიბებული დღის წესრიგი არ აქვს, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების გარშემო. ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება, რის საფუძველზე და რა მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს საგამოძიებო კომისია, მანამდე რთული საქმეა, დავუჭერ მხარს თუ არ დავუჭერ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე სხდომა, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე იმსჯელებენ.

„არ ვიცი, ამაზე ვიმსჯელებთ. ჯერ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს და შემდეგ გვექნება კონკრეტული პოზიცია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ სურთ, კენჭისყრაზე დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი. მათივე თქმით, მიმართავენ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის.