ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ იყო დაუსაბუთებელი შეტევა, რაზეც ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს
ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ იყო დაუსაბუთებელი შეტევა, რაზეც ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა საკითხი კონსულტაციების შედეგად შეჯერდა.

„ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო მოსაზრება, რომ მოქმედი პროფესიული მოხელეების ხელახლა არჩევა მომხდარიყო, რაც ამ ადამიანების სამსახურებრივი უფლების დარღვევაა, რადგან კანონით დადგენილი წესით არიან განწესებული. შეთანხმებაში არ ყოფილა, რომ კანონით დადგენილ ვადაზე ადრე უნდა მომხდარიყო ამ ადამიანების როტაცია ან შეცვლა. არავის უნდა დარჩეს რაიმე პრეტენზია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ქადაგიშვილის შეფასებით, მის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი შეტევა განხორციელდა.

„რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს არის პერსონალური საკითხი, რომელიც კანონპროექტის განხილვის პროცესთან კავშირში არ არის. ეს საკითხი გადაწყდება იმდაგვარად, როცა ახალი კოდექსი შევა ძალაში. ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ვინ იქნება  კომისიის თავმჯდომარე, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი როგორც ადამიანის, პიროვნების და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. არჩევნები არ გაყალბებულა და ამის საწინააღმდეგო არც ერთი საბუთი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.