ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისია და რეკომენდაციის გამცემი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის კანონზე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდნენ
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს მაინც მივიღებთ და დაველოდებით ევრომისიის პოზიციას. ისინი თუ იტყვიან, რომ ეს კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გავიწვევთ, თუ იტყვიან, საჭიროა, უნდა აგვიხსნან, როგორ არის საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიას კანონის სამართლებრივ სტატუსზე პრობლემა არ აქვს, პრობლემა აქვს იმაზე, საჭიროა თუ არა კანონი, რომელიც პერსონალურად ადგენს, ვინ შეიძლება, იყოს ოლიგარქი.
„ვენეციის კომისია და რეკომენდაციის გამცემი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდნენ. როცა რეკომენდაცია ჩაიწერა, მისი მიზანი იყო, რომ ისეთი კანონი მიგვეღო, რომელიც, მათი გაგებით, დეოლიგარქიზაციას უზრუნველყოფდა. ასეთი კანონი მხოლოდ უკრაინაში იყო მიღებული, რომელიც ევროკავშირის მიერ სრულად მოწონებული იყო. იმისათვის, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო, ეს კანონი მივიღეთ. ვენეციის კომისიას კანონის სამართლებრივ სტატუსზე პრობლემა არ აქვს, პრობლემა აქვს იმაზე, საჭიროა თუ არა კანონი, რომელიც პერსონალურად ადგენს, ვინ შეიძლება, იყოს ოლიგარქი. თვლიან, რომ ეს ლახავს ადამიანის უფლებებსო და სისტემური გადაწყვეტილებები მიიღეთო. ამას თუ გავაანალიზებთ, იმას გვეუბნებიან, რომ პრინციპში ჩვენი კანონმდებლობა ისედაც ყველაფერ ამაზეა მორგებული. ამ კანონს მაინც მივიღებთ და დაველოდებით ევრომისიის პოზიციას. ისინი თუ იტყვიან, რომ ეს კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გავიწვევთ. თუ იტყვიან, საჭიროა, უნდა აგვიხსნან, როგორ არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი“ არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.