ირაკლი ქადაგიშვილი - უგულავა და სხვა ოპოზიციონერები თავის განცხადებების ტონს, მიმართვას და მოწოდებებს თუ გადახედავენ, დაინახავენ, რომ ბოდიში ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი
უგულავა და სხვა ოპოზიციონერები თავის განცხადებების ტონს, მიმართვას და მოწოდებებს თუ გადახედავენ, დაინახავენ, რომ ბოდიში ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიგი უგულავას განცხადებაზე სახალხო დამცველი უფრო ფართო და მკაცრ განმარტებას უნდა აკეთებდეს.
„კარგია, თუ უგულავამ შეცდომა აღიარა. თუ უგულავა და სხვა ოპოზიციონერები თავის განცხადებების ტონს, მიმართვას და მოწოდებებს გადახედავენ, დაინახავენ, რომ ბოდიში ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი. მათ შორის, საზოგადოების წინაშე იმაზე, რომ 35 დღე კარგად იცოდნენ, მაგრამ მიზანმიმართულ ტყუილს ავრცელებდნენ, რომ სააკაშვილი ცუდ მდგომარეობაში იყო. სახალხო დამცველი უგულავას განცხადებაზე უფრო ფართო და მკაცრ განმარტებას უნდა აკეთებდეს, თავის ფუნქციებს რომ ასრულებდეს და მხარე არ იყოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყველა, ვინც აქ დგახართ, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ საუკუნეში, ეს აღარ არის ის დრო, რომ მე ვინ დამინახავს. ტყუილად გგონიათ, რომ „კოვიდის“ ნიღბები გადაგარჩენთ. ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას – თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს“ რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს, საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები“.
ამ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება.