ირაკლი ქადაგიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს ბევრმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას
ირაკლი ქადაგიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს ბევრმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს არაერთმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ანტიდემოკრატიული რეჟიმი იყო.

მისივე თქმით, სააკაშვილი დღეს ასეთი საქმეების გამო იხდის სასჯელს.

„სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ბევრმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო ანტიდემოკრატიული. რეჟიმი, რომელიც ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას. ამის არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, დაწყებული გირგვლიანიდან, დამთავრებული ოჩიგავას საქმით. სააკაშვილი დღეს სწორედ ასეთი საქმეების გამო იხდის სასჯელს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად ხელოვნურია სააკაშვილის თემა. ეს არის გარკვეული პოლიტიკური პროექტი, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამავდროულად, დამაზიანებელია საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაციისთვის.

სააკაშვილის მმართველობა არ იყო დემოკრატიული მმართველობა, ეს იყო რეჟიმი. უბრალოდ, მაშინაც ლობისტური ძალები მას ფუთავდნენ, როგორც დემოკრატიულ რეჟიმს, მაგრამ მთელი სტატისტიკა არსებობს, კონკრეტული სასამართლო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც პიროვნულადაც მითითებულია და სისტემურადაც მითითებულია ეს. იმ ლობისტებს, ვინც დღეს ამ პროექტს – სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ – იყენებენ, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათი მიზანი სულ სხვაა. მათი მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, რის გამოც სააკაშვილი საქართველოში საიდუმლოდ იყო შემოპარული. საბოლოო ჯამში, მიზანი იყო აქ არეულობა და ალბათ ისეთი რეჟიმის მოყვანა, რომელიც ყველა მათი ნება-სურვილის აღმსრულებელი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.