ირაკლი ქადაგიშვილი - სპეციალურად მომზადებულმა ახალგაზრდებმა აქციაზე დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ პროცესის მიმართ
სპეციალურად მომზადებულმა ახალგაზრდებმა დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ პროცესის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გასათვალისწინებელია.
„ნათლად დავინახეთ, რა იყო სტუდენტების, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და, თავისთავად, დასანახია, შესაფასებელი და გასათვალისწინებელია. ამავდროულად, უნდა მოხდეს დეტერმინაცია, გაყოფა იმისა, რომ იქ იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებმაც, სხვათა შორის, დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესის მიმართ, რაც გამოხატეს. აი, მათ საფარველქვეშ მოახდინეს მოლოტოვის კოქტეილებით და სხვადასხვა ნივთით თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე და ირიბად და ფაქტობრივად მოახდინეს თავდასხმა იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც ჰქონდათ სულ სხვა მიზნები თავიანთი საპროტესტო აქციის დროს. ჩვენ დავინახეთ, მათ შორის, საპროტესტო აქციის დროს, თვითონ ახალგაზრდებს როგორი რეაქცია ჰქონდათ იმ ჯგუფის მიმართ, რომლებსაც პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ამზადებდნენ ასეთი ტიპის შეტევის განსახორციელებლად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.