ირაკლი ქადაგიშვილი - სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ რადიკალური ოპოზიცია კატეგორიულად მოწოდებულია, საქართველომ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში წარმატებას არ მიაღწიოს
ჩვენთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ რადიკალური ოპოზიცია კატეგორიულად მოწოდებულია, საქართველომ არ მიაღწიოს რაიმე პროგრესს, წარმატებას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მათი ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„იმედი აქვთ, იქნებ რამე ცუდი მოხდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ და ამით რაღაც პერსპექტივა გაეხსნათ. ამიტომ დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის დაყენებისთანავე მათი პოზიცია იყო მკაფიოდ საწინააღმდეგო. ამ პოლიტიკური პარტიიდან არცერთს არანაირი წვლილი არ შეუტანია, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ამ დროს ყველაზე მეტს საუბრობენ ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგრამ საქმით კატეგორიული მოწინააღმდეგენი არიან.
დღესაც, როცა გრძნობენ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, საქართველომ ამ გზაზეც წარმატებას მიაღწიოს, იეზუიტთა არსენალიდან ათასგვარ სპეკულაციას ამოიღებენ – საქართველომ კი მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას არ ეკუთვნითო. ზოგი ამბობს, ხალხსაც არ ეკუთვნისო. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. რეალურად, მათი ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სტატუსი თუ მივიღეთ – და, ჩვენი ძალისხმევით, ამის ალბათობა დღითი დღე იზრდება – მაშინ შეეცდებიან, საქართველოს წარმატება მაქსიმალურად დააკნინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.